10 September, 2025

ძველი თბილისის სურათები (EN)

ძველი თბილისის სურათები

ძველი თბილისის სურათები-ქალაქი, სადაც ისტორია ცეკვავს, გზავნილი დროსთან.

ცეკვაში გაცოცხლებულია მე-19 საუკუნის თბილისის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო ფენომენი. კომპოზიცია სამი სურათისაგან შედგება, ყარაჩოხელი, მუხამბაზი და კინტაური. ყარაჩოხელი ქალაქური კულტურის სინთეზია – აღმოსავლური ქმედითი სულისა და ქართული ჰუმანიზმის ერთიანი გამოვლინება. ხელოსანი ქალაქის დაბალ ფენას ეკუთვნოდა, თუმცა რწმენით, სითბოთი, თავშეკავებული პატიოსნებითა და წესიერების მკაცრი კოდექსით იმაღლებდა საკუთარ ღირსებას. ყარაჩოხელი იყო შრომისმოყვარე, მაგრამ უდარდელი, ქეიფისა და ძმობის მოყვარული. მისი სუფრა ძველი თბილისის დუქნებში, ბაღებში, ტივებზე და აბანოებში იშლებოდა. ქეიფისას მისი სიტყვა იყო ბრწყინვალე: სადღეგრძელოებში ჩანდა ჰუმანიზმი, კაცთმოყვარეობა და ცხოვრების ფილოსოფიური ხედვა. მისი გამოთქმები ხალხური პოეზიის ნამდვილ მარგალიტებს წარმოადგენდა. ყარაჩოხელი, როგორც ფენომენი, განასახიერებს ძველი თბილისის სამართლიან და ადამიანობაზე დამყარებულ მოდელს. ის იყო ხალხის ფალავანი, სუსტის დამცველი, უსამართლობის მოწინააღმდეგე. მისი სული ცოცხლობს თბილისურ უბნებში, ქუჩის სიმღერებში, ქალაქურ ფოლკლორში და ჩვენ მეხსიერებაში. ყარაჩოღელი და კინტო – ეს ძველი თბილისის ორი პოლუსია. ერთი – ზნეობის, ღირსების და წესრიგის დამცველი; მეორე – ბარის ხმაურის, სიცილის, იუმორის და ჭკუის სიმწვავის განსახიერება. მათ შორის ზღვარი ნათელია – და სწორედ ამ განსხვავებით იქმნებოდა ის უნიკალური თბილისური კოლორიტი, რომელიც დღესაც გულში გვაქვს. 

ბანოვანები - ელეგანტურობისა და გრაციოზულობის განსახიერებაა. კომპოზიციას განსაკუთრებულ ელფერს აძლევს ქალაქელი ბანოვანების სცენური გამოსახულება - მათი მოძრაობა სავსეა მდუმარე ღირსებით, პლასტიკურობითა და ელეგანტურობით, რაც წარადგენს ძველი თბილისის ქალის ხატს.

ქალები სცენაზე თითქოს რეალურად კი არ ცეკვავენ, არამედ ეფემერულად ჩნდებიან, როგორც იდეალური ხატები, რომლებსაც ყარაჩოხელები შორიდან ეტრფიან და თაყვანს სცემენ. მათი სიარული, პოზა და ჟესტი ქალაქურ გემოვნებას, ზრდილობასა და თავშეკავებულ სინატიფეს ასხივებს.

ცეკვაში ჩართული ბანოვანები არა მხოლოდ ესთეტიკური აქცენტია, არამედ კულტურული შრე -  ისინი ცოცხალ ანარეკლად წარმოაჩენენ იმდროინდელ თბილისის ქალურ ხატს, რომელიც არ იყო ხმაურიანი ან პროვოკაციული, არამედ სავსე იყო შორიდან დაკვირვებული სიყვარულის, პატივისცემისა და მორიდებული ოცნების სიმბოლოებით.

ეს პლასტიკური სურათი ქმნის შეუდარებელ ბალანსს მკაცრ და რაინდულ ყარაჩოხელურ ფიგურასთან. ბანოვანთა გამოჩენა ცეკვაში წარმოადგენს იმდროინდელი ქალაქური საცეკვაო კულტურის სრულყოფილ, ჰარმონიულ ხატს - ქალისა და კაცის ურთიერთობის იმგვარად იდეალიზებულ ფორმას, როგორიც მხოლოდ ძველი თბილისის ფაქიზ ფენებში შეიძლებოდა წარმოქმნილიყო.

დამდგმელი ქორეოგრაფი -შალვა გოგუაძე;

კოსტიუმების მხატვარი-გოგლა გოგიბერიძე.

 

News

See all