10 September, 2025

ფარიკაობა (EN)

ფარიკაობა

ფარიკაობა-მანდილის წინაშე ყველა ხმალი მორჩილია

ხევსურეთი საქართველოს ერთ-ერთი სასაზღვრო რეგიონია, რომელიც მუდამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. მისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავდა ხევსურების პოლიტიკურ ცნობიერებას და ცხოვრებას. აქ ყოველდღიური მძიმე ყოფის, შრომის, ლხინის და ძილის დროსაც კი ვაჟკაცი ფარ-ხმალს სხეულიდან არ იშორებდა.

მოხერხებულმა ხევსურებმა ბრძოლისათვის გამუდმებული წვრთვნა და მზადყოფნა  "კეჭნაობის" და „ხმალაობის“ ტრადიციას შეაფარეს, რის საფუძველზეც შეიქმნა ცეკვა „ფარიკაობა“. 

ანსამბლის რეპერტუარში არსებული ცეკვა ორიგინალური ექსპოზიციით იწყება: ხევსურეთში არსებულ ტრადიციებზე დაყრდნობითა და ერთგულების პრინციპებიდან გამომდინარე,  ცეკვა მეგობრების დაძმობილების რიტუალით იწყება.  სცენაზე ვითარდება პატარა სასიყვარულო ინტრიგა, რომელიც წარმოშობს კონფლიქტს და დაპირისპირებას, თუმცა სიმბოლურად იგი ასახავს თავისულებისმოვარე ქართველის შინაგან მდგომარეობას – საკუთარი გულისწორის, ოჯახის და ქვეყნის დაცვას.

მოელვარე ხმლები, იარაღების ზათქით ჟღარუნი, აღტკინებული სახეები, თავდაუზოგავი შეტაკებები, გამუდმებული ბზრიალი და აწყვეტილი ნახტომები, წყვილების, სამეულების და ოთხეულების ფარიკაობის კადრობრივი მონაცვლეობა ნამდვილ ბრძოლას მოგვაგონებს.

ბოლოს კი უჩვეულო დასასრული – "გაშმაგებული მებრძოლების" გარინდება და მოწიწებული მუხლმოდრეკა ქალის წმინდა მანდილის წინაშე. ქართველი ქალისადმი უსაზღვრო მოკრძალება და პატივისცემა გამძვინვარებულ მეტოქეებს დაზავების საშუალებას აძლევს.

 ქართველი ქალის მანდილი სიმბოლოა სიწმინდისა, პატივისცემისა და ერთგულების. იგი სცენაზე აღადგენს ჰარმონიას, ასახავს სიყვარულსა და ურთიერთგაგებას, ხოლო მამაკაცის ქცევა მის წინაშე გამოხატავს ვაჟკაცობასა და პასუხისმგებლობას. მანდილი აღკვეთს დაპირისპირებას, აერთიანებს პიროვნებებს და ხაზს უსვამს ქართული კულტურის ტრადიციებს-საზოგადოების წესრიგის, ტრადიციების, ეთიკური და პიროვნული სიძლიერის გადამცემია, კულტურული მემკვიდრეობაა.

დამდგმელი ქორეოგრაფი -თეიმურაზ ბოლქვაძე, შალვა გოგუაძე;

კოსტიუმების მხატვარი-გოგლა გოგიბერიძე.

 

 

News

See all