10 September, 2025

ლაზური (EN)

ლაზური

ლაზური - შემოქმედებითი შრომა ცეკვაში

„ლაზ მებადურთა ცეკვა“* წარმოადგენს ზღვისპირა ხალხის ცხოვრების სცენურ ეპოსს, სადაც შრომა, სიყვარული, კოლექტიური ძალისხმევა და ცხოვრების ზეიმი ორგანულად ერთიანდება. დადგმა იწყება ლირიკულად – სცენაზე ჩნდება წყვილი ბადით, რომლთა მოძრაობები მსუბუქი, ტალღისებრი და რბილია. ბადის პლასტიკური სახე არა მხოლოდ შრომის იარაღია, არამედ სიმბოლო ქალურ სიფაქიზესა და პოეტურ ლირიკას შორის. მაყურებელი ამ ეპიზოდში ხედავს, რომ ზღვისპირა ყოფაში შრომის სიმძიმე თანაარსებობს სითბოს, სიყვარულისა და ცხოვრების პოეტური მხარესთან. შემოდიან მეთევზეები – მათი მოძრაობები მკვეთრია, ენერგიული და დინამიკური, ბადის გადაგდება, მოქაჩვა და გადახვევა წარმოაჩენს ფიზიკური შრომის სიმძიმეს და კოლექტიური ძალისხმევის აუცილებლობას. მათ გვერდით ქალები არ მხოლოდ ლირიკულ ელფერს მატებენ, არამედ აქტიურად ერთვებიან შრომის პროცესში – ქსოვენ და კემსავენ ბადეებს, ასუფთავებენ და ამზადებენ მათ მეთევზეებისთვის. ქალთა მსუბუქი, თანმიმდევრული მოძრაობები ამკეთილშობილებს მამაკაცთა მძიმე ფიზიკურ შრომას, ქმნის ემოციურ ბალანსსა და ხაზს უსვამს ზღვისპირა საზოგადოების ერთიანობას.

ცეკვის კულმინაციაში თითოეული მოძრაობა აღწევს სრულ დრამატულ სიმძიმეს – მეთევზეები ერთიანდებიან სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლისას, ხოლო ქალთა ჩართულობა ამ პროცესს ჰარმონიას აძლევს. საბოლოო სიმბოლურ მომენტში – თევზის დაჭერისთანავე სცენა გადაიქცევა ზეიმად, სადაც შრომა, სიყვარული და ერთიანი ძალისხმევა აღვივებს სიცოცხლის არსს. ფინალში მოძრაობების დაძაბულობა თავისუფლდება და სცენაზე ქმნის ცხოვრების სრულყოფილ, ჰარმონიულ სურათს, სადაც მკაფიოდ ჩანს ქალთა ლირიკული ჩართულობა, მამაკაცთა ენერგია და ზღვისპირა საზოგადოების ცხოვრების სიდიადე.

„ლაზ მეთევზეთა ცეკვა“* ზღვისპირა ხალხის ყოფის არა მხოლოდ ფიზიკური ან სცენური ნარატივია, არამედ შრომის, სიყვარულისა და კოლექტიური ცხოვრების ეპოსი, რომელიც ქორეოგრაფიულად ახდენს ფიზიკური, ემოციური და სოციალური ასპექტების სრულყოფილ თანამშრომლობას, ქმნის ქართული ფოლკლორის სცენური ხელოვნების უნიკალურ, მხატვრულ სახეს.

 

 დამდგმელი ქორეოგრაფი - ენვერ ხაბაძე, თანამედროვე რედაქცია თეიმურაზ ბოლქვაძე;

კოსტიუმების მხატვარი-იამზე დოლაბერიძე, გოგლა გოგიბერიძე.

 

News

See all