სადარბაზო
სადარბაზო - ცეკვაში გაცოცხლებული დარბაისლური დიდება
„სადარბაზო“ ქორეოგრაფიული ფენომენია, რომელიც აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ქართულ ტრადიციულ ცეკვას – „დავლურსა“ და „ქართულს“. ამ ორ ჟანრს შორის გადაკვეთა ქმნის ცეკვას, რომელიც ოდნავ სევდიანად, დინჯად, მაგრამ ამაღლებულად გვიამბობს ძველი ქართული დიდგვაროვნების ქცევის ეტიკეტზე, ურთიერთპატივისცემასა და დახვეწილ მწყობრ მოძრაობაზე.
ცეკვის თავდაპირველი სტრუქტურა საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბდა - თავდაპირველად „დავლური“ იყო ცეკვა „ქართულის“ შესავალი, პრომენადული, ემოციური და ნატიფი, რომელიც გამოხატავდა სულიერად მომზადებულ ურიერთობას, რომელიც უკვე „ქართულში“ გადადიოდა წრფელი გრძნობითა და სიდარბაისლით.
„სადარბაზო“ ცეკვების ჩამოყალიბება უკავშირდება ფეოდალური ხანის საქართველოს, როცა სამეფო კარზე და დიდგვაროვანთა სასახლეებში იმართებოდა ცერემონიები, წვეულებები, ზეიმები, სადაც ცეკვა არა მხოლოდ სანახაობა, არამედ სოციალური პოზიციის, ქცევის ეტიკეტის, წოდებრივი იერარქიის და სულიერი სიმაღლის გამოხატულება იყო.
ცეკვვა გამოხატავს ქალისა და მამაკაცის ამაღლებულ, ჰარმონიულ კავშირს, რომელიც გნუსხავს პატივისცემის, მედიდურობის და ემოციური თავშეკავების სურნელით. გაოცებს ეროვნული გემოვნების და სტილის მაღალი დონე. მამაკაცის მოძრაობა — გაწონასწორებული, დინჯი და ამაყია. ამ ნაბიჯებში იკითხება თავმოყვარეობა და შინაგანი ღირსება.
ქალის მოძრაობა კი - ლივლივი, სინატიფე, მოქნილი, გრაციოზული, თავშეკავებული,თითქოს ნაქარგი სიჩუმეა მისი ყოველი ნაბიჯი.
ქალისა და ვაჟის სიახლოვე არასოდეს სცილდება ზღვარს, არამედ ფრთხილი მიმოხრის, მზერის, ნაბიჯის სინქრონით გადმოცემული ემოციაა. მოძრაობების სერიები თითქოს სასახლის გალავნისა და დარბაზის დინამიკას მიჰყვება – ქალის მოხრა ქმნის სივრცეს, სადაც ვაჟის დავლური ნაზად წყვეტს ბიჯს. ცეკვაში დამალულია ფაქიზი, შეპარული ვნება, რომელსაც ანათებს წვილთა ღრმა პატივისცემა.
„სადარბაზო“ წარმოადგენს იმ პლასტიკური კულტურის დიდებულ ნიმუშს, რომელმაც ქართულ ხალხურ ფესვებზე აღმოცენებული სისადავით, მოისხა ფეოდალური სალონების მანერულობა, მაღალი სტილიზაცია და სიმბოლური მეტყველება. მასში ერთდროულად იგრძნობა ქართული სულის თავისუფლება და ევროპული დარბაისლობის გავლენა. ცეკვა ამაღლებულ ატმოსფეროს ქმნის სცენაზე, სადაც მაყურებელი თითქოს თავად ხდება დიდებული დარბაზის სტუმარი.
დამდგმელი ქორეოგრაფი - თეიმურაზ ბოლქვაძე;
კოსტიუმების მხატვარი-გოგლა გოგიბერიძე.
Close