10 September, 2025

თარნანინო (EN)

თარნანინო

თარნანინო

ლირიულ-სალაღობო ორნამენტული ცეკვა აჭარელი ქალის ხასიათზე

„თარნანინო“ - ქორეოგრაფიული კომპოზიცია, რომელიც ასახავს წარმატებული ბრძოლის შემდეგ გამოწვეულ სიხარულს, შინაგან ამაღლებასა და თავდაჯერებულ ენერგიას. ეს ცეკვა ლირიულ-სალაღობო ჟანრს მიეკუთვნება და აგებულია მრავალფეროვან აჭარულ საცეკვაო ლექსიკაზე, რომელიც ოსტატურად გადმოსცემს მთიელი ქალის სილაღესა და თავისუფლებისმოყვარეობას. ცეკვაში გამოყენებული მოძრაობები და პლასტიკური ხაზი დაფუძნებულია ქორეოგრაფის-მირანდა ბაღდადიშვილის-საექსპედიციო მოგზაურობის დროს აჭარაში შესწავლილ ფოლკლორულ მასალაზე, რესპონდენტების მიერ მოყოლილ ცეკვის სახეებზე, ასევე ცნობილ სახასიათო შემსრულებელთა ნატიფ, ინდივიდუალურ სტილებზე. ქორეოგრაფმა შეძლო ამ ყველაფრის გაერთიანება და ინტერპრეტაცია საკუთარი მხატვრული ხედვით, რომელიც ბუნებრივად გადმოსცემს აჭარელი ქალის მხიარულ და ლაღ ხასიათს, ცოცხალ და ორნამენტულ მოძრაობებს, დახვეწილ ქალურ ჟესტიკულაციას. ცეკვის ემოციური განწყობა შენდება მთავარი მოტივის გარშემო - მოპოვებული გამარჯვების შემდგომი შინაგანი შვება, სილაღე და ენერგია. მოძრაობებში იკითხება ისეთი თემატიკა, როგორიცაა: ქალის ოსტატურად მოზომილი ემოცია, გაცინებული მზერის უკან დამალული სიძლიერე, მეტყველად შეხმატკბილებული ფეხისა და ხელის სინქრონულობა, და რაც მთავარია, ის დაუდგრომელი შინაგანი ტემპერამენტი, რაც აჭარელ ქალს მუდამ ახასიათებდა.

„თარნანინო“-ქალურობის აჭარული ფორმულა - ეს არის სხეულის თავისუფალი, ლაღი მოძრაობა, რომელიც მოდის როგორც გენეტიკური მეხსიერებიდან, ისე ყოველდღიური ყოფის ბუნებრივი პლასტიკიდან. მოცეკვავე ქალის მოძრაობებში ცხადად ჩანს: რწმენა საკუთარი თავის მიმართ, პატივისცემა ტრადიციისადმი და თავმოყვარეობა, რომელიც არც ხმამაღალი პრეტენზიით გამოიხატება და არც სიმდაბლით იკარგება.

ცეკვის რბილი, მაგრამ ზუსტი ხაზები, დინამიკური ბრუნები და მჭიდროდ გაწყობილი ორნამენტული შტრიხები ქმნის მოძრაობის მკვეთრ და ამავე დროს ჰაეროვან სილუეტს.

მოცეკვავე ქალები ისე აღწერენ ფიგურას სცენაზე, თითქოს სივრცეში აჭარელი ქალის ბუნებრივ სვლას აკვირდები – ნელი რხევით დაწყებული და მხიარული აფეთქებით დასრულებული კომპოზიცია. „თარნანინო“  უბრალოდ არის – ქალის ძალა, რომელიც თავდაჯერებულ ღიმილისა და დახვეწილ იდუმალების ბალანსშია.

ამ ცეკვას დასრულებისთანავე თანდევს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მაყურებელმა არაერთი ამბავი მოისმინა სიტყვების გარეშე.

დამდგმელი ქორეოგრაფი - მირანდა ბაღდადიშვილი

კოსტიუმების მხატვარი-გოგლა გოგიბერიძე. 

News

See all