ალვანური
ალვანური-ცეკვა, სადაც ვაჟთა სიმტკიცე ქალურ სინატიფეს ხვდება.
ალვანი, ისტორიული წყაროების მიხედვით, სანადირო ადგილებით ყოფილა განთქმული. XVI საუკუნეში კახეთის მეფეს – ლევანს (1520-1574 წწ.) იგი თუშებისათვის უწყალობებია, 1757 წელს თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის წყალობის სიგელის მიხედვით, თუშები აქ მხოლოდ საძოვრებს იყენებდნენ. XIX საუკუნეში კი მუდმივად დამკვიდრებულან.
წარსულში თუშებისთვის დამახასიათებელი იყო კულტურისა და ყოფის ზოგიერთი თავისებურება, რაც მათ განასხვავებდა საქართველოს სხვა კუთხეების მცხოვრებთაგან. ისინი მისდევდნენ მეცხვარეობას, შემონახული ჰქონდათ საოჯახო-თემური ტრადიციები, იყვნენ მაღალგანვითარებული კოშკური არქიტექტურისა და მუსიკალური ხელოვნების შემოქმედნი. თუში „აზროვნებს დინჯად და საღად, თქმაში გონებამახვილია, მოქმედებაში კი მარდი“.
ალვანი მეტად საინტერესოა საცეკვაო ტრადიციის თავისებურებითაც. შეიძლება ითქვას, რომ ცეკვა „ალვანური ერთადერთი ცეკვაა, სადაც ყველა გოგონა ვაჟურად ცეკვავს“ (ნ. დუმბაძე)
ალვანელები მეცხვარეობით არიან დაკავებული. ეს ურთულესი პროფესია მამაკაცების სახლიდან დიდ დროით წასვლას გულისხმობს. ხშირად ისინი 9-10 თვეც კი მოშორებულნი არიან ოჯახურ კერას. ამ სიშორით ნოსტალგიას განიცდიან შინ დარჩენილი ქალებიც. სწორედ ამ მონატრების გამოძახილია „ალვანური“. ალვანელი ქალების მოგონილია ვაჟურად ცეკვა. ისინი ცეკვავენ „ლაღად, სტიქიურად, წარმართულად, პირველყოფილად.....ეს უფრო როკვაა, ვიდრე ცეკვა...ისინი აჯავრებენ და ბაძავენ ქმარს, ძმას, შვილს, საქმროს მამას, ბიძას.....“
ანსამბლში დადგმული „ალვანური“ სწორედ ამ ტრადიციის, ქალ-ვაჟის ერთად ყოფნის სურვილის, მონატრების და მათი ტოლ-სწორობის გამოძახილია.
ცეკვა იწყება ჩაფიქრებული, გოროზი თუში მეცხვარეების ექსპრესიული მოძრაობებით. მოულოდნელად გამოჩენილი მანდილოსნები ცვლიან მათ ხასიათს და საცეკვაო ლექსიკას. თითოეული დუეტის სტილი განსხვავებულია. ქორეოგრაფის გადაწყვეტილებით ქალთა ცეკვაში მამაკაცის სწორფერი საცეკვაო ლექსიკის გამოყენებით იკითხება შინაარსი. ისინი აჩვენებენ პარტნიორებს ძლიერ ხასიათს, თამამად მიჰყვებიან ცეკვაში. ნებისმიერ მოქმედებას მკვირცხლად პასუხობენ და აჩვენებენ სწორი გადაწყვეტილების უნარს. სილაღითაა გაჯერებული მათი თამამი მოძრაობები.
„ალვანურის“ ამ ვარიანტში კარგად იკითხება ქართველი ქალის გონიერება, იუმორი, ძლიერი ხასიათი, სიმტკიცე და დიპლომატია. ცეკვა სანახაობითია, დინამიურია და გამოხატავს თითოეული წყვილის ინდივიდუალური გრძნობების მრავალფეროვანებას.
დამდგმელი ქორეოგრაფი -შალვა გოგუაძე;
კოსტიუმების მხატვარი-გოგლა გოგიბერიძე.
ჩახურვა