დოლი-დაირა
დოლი-დაირა - მოძრაობის დიალოგი
„დოლი-დაირა“ — ეს არის ქართული სცენური ქორეოგრაფიის შთამბეჭდავი კომპოზიცია, რომელიც აგებულია მამაკაცური სიძლიერის, ენერგიისა და ტექნიკური ოსტატობის დემონსტრირებაზე. მამაკაცთა პლასტიკა მკვეთრია, ვაჟკაცური — ზუსტი, სწრაფი, მოქნილი და მტკიცე. ცეკვაში ერთმანეთს ცვლის მძლავრი დინამიკა: ხან მხოლოდ დოლის გაბმული ხმაური მართავს მათ სხეულებს, ხანაც - სრულ დუმილში შესრულებული მოძრაობები, რაც ოსტატობასა და თვითკონტროლს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატავს.
მოულოდნელად სცენაზე ჩნდება ქალი - მსუბუქი, ელეგანტური, თუმცა იმავე სიზუსტითა და შინაგანი ძალით აღსავსე. მის გამოჩენასთან ერთად მამაკაცთა მოძრაობები მოზომილი და თავშეკავებული ხდება, მაგრამ არ კარგავს ხასიათს - რჩება მკვეთრი, ძლიერად დატვირთული შინაგანი ტემპით. ეს არის ქალურობისა და ვაჟკაცობის დიალოგი მოძრაობაში, სადაც პატივისცემა და ძალთა ბალანსი თანაბრად იკითხება.
ქალი თავის მხატვრულ საშემსრულებლო ოსტატობით არ ჩამოუვარდება მამაკაცებს. მისი ცეკვა სავსეა სინატიფით, თავშეკავებული ჟესტიკულაციით, ჰაეროვნებითა და სიმკვირცხლით. დაირა, როგორც ქალის რეკვიზიტი, ხაზს უსვამს მის როლს - არა მხოლოდ პლასტიკური სილამაზის მატარებელად, არამედ როგორც მუსიკალური დიალოგის სრულუფლებიან მონაწილედ.
ცეკვა იქცევა გენდერული თანასწორობის სანახაობრივად დასამახსოვრებელ სახედ, სადაც დოლი და დაირა-მამაკაცისა და ქალის ენერგიები-ერთმანეთს ეხმიანებიან, ერწყმიან და ქმნიან იმ ჰარმონიულ ქართულ სახეს, სადაც განსხვავებულობა- ერთიანობის ძალაა.
დამდგმელი ქორეოგრაფი -შალვა გოგუაძე;
კოსტიუმების მხატვარი-გოგლა გოგიბერიძე.
ჩახურვა