იმერხეული
იმერხეული - თავისუფლების ცეცხლში განწმენდილნი
ქორეოგრაფიული კომპოზიცია „იმერხეული“ ინსპირირებულია მწერალ რამაზ სურმანიძის ნოველით „ემრულა“, რომელიც ასახავს მაჭახლელი იარაღის ოსტატის, ფირალ ემრულა მალაყმაძის გმირულ ცხოვრებას და ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიულ რეალობას. ნაწარმოების გულშია იმერხევი - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს უნიკალური რეგიონი, სადაც მთა და ზღვა, პატრიოტიზმი და თვითგადარჩენის მტანჯველი წარსული ერთ მთლიანობაში დაილექა. საუკუნეების განმავლობაში ბრძოლა ყოველდღიურობად იქცა - აბჯართან თანაზიარი მაცხოვრებლები თავისუფლებას თოფით და ხმლით იცავდნენ.
ცეკვა „იმერხეული“ საბრძოლო ეპოსს ქორეოგრაფიულ ენაზე აცოცხლებს. პირველივე სცენებიდან მაყურებელი ისტორიულ წარსულში მოგზაურობს, სადაც მოქმედება ტყის სიღრმეში გახიზნულ ფირალთა ცხოვრების ფრაგმენტებით იწყება. ლირიკული შეხვედრები მეუღლეებთან, მალევე გადაიზრდება მტერთან დაპირისპირებაში - განგაში, თავდასხმა, ბრძოლა და ტრიუმფალური გამარჯვება. ყველაფერი შეკრულია ერთ სიუჟეტად, ლირიკულ-ეპიკურ ჟანრში.
ცეკვაში გამოყენებული რეკვიზიტები - მაჭახელას თოფი, ხანჯალი, ფარ-ხმალი და მათრახი – არა მხოლოდ ხალხური საბრძოლო იარაღის სიმბოლოა, არამედ მძაფრი ემოციური დატვირთვის მატარებელი ქორეოგრაფიული ექსპრესიაა.
ქორეოგრაფიული ენა აჭარულ -გურული საცეკვაო ფოლკლორის პირმშოა: ლირიკული ეპიზოდებისათვის გამოყენებულია „განდაგანას“ მოძრაობები, ბატალური სცენებისათვის – ხორუმის ენერგიული ლექსიკა და ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტები.
მთელი ცეკვა გაჟღენთილია ახალი ქორეოგრაფიული პლასტიკით, რომელიც ტრადიციას აწმყოში აცოცხლებს და ქმნის უნიკალურ სცენურ სურათს.
ცეკვის კულმინაცია - ქანდაკებად ქცეული საფინალო კომპოზიცია - მაყურებლის გონებაში სამუდამოდ იბეჭდება. ჩაბნელებულ სივრცეში გამოკვეთილი მოცეკვავეთა მონოლითური ჯგუფი წარმოსახავს იმ ერის სახეს, რომელიც ბრძოლაში იბადება და წერს ქვეყნის ისტორიას. თავისუფლებისთვის ბროლით დაღლილი, გმირულად მდგარი ფიგურები ოვაციების ფონზე – როგორც წარსულის აჩრდილი - უხმოდ ქრებიან სცენიდან.
ცეკვა „იმერხეული“ თანამედროვე ქორეოგრაფიისა და ხალხური ფოლკლორის შერწყმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუშია - პლასტიკის ენით დაგმოცემული ისტორიის, ბრძოლისა და სიყვარულის დრამაა.
დამდგმელი ქორეოგრაფი -შალვა გოგუაძე;
მუსიკალური კონსულტანტი - ფოლკლორისტი და კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე;
კოსტიუმების მხატვარი-გოგლა გოგიბერიძე.
ჩახურვა