10 სექტემბერი, 2025

ხორუმი

ხორუმი

ხორუმი

„საქართველოს სიფხიზლის სიფონია“ და „პლასტიკაში გაცოცხლებული საბრძოლო ეპოსი“  ასე უწოდებენ ცეკვა ხორუმს, რომელიც ასრულებს საცეკვაო სურათს. განგაშის სიგნალზე ქალების გაცილება, ფრთხილი დაზვერვა, მეომრების დინამიური შემოსვლა, დაბანაკება, იერიში, გამარჯვება და ზეიმი-გადახვეული ხორუმით ნამდვილ საბრძოლო ისტორიას ყვება. 

 ხორუმი არის ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ის უმნიშვნელოვანესი და უნივერსალურად აღიარებული ნიმუში, რომელიც წარმოშობით აჭარასა და გურიას უკავშირდება, თუმცა დროთა განმავლობაში გავრცელდა და საერთო ეროვნული მნიშვნელობა მიიღო. მისი არსი განპირობებულია მებრძოლური სულისკვეთებით, ომში წასვლის, ბრძოლისთვის მზადებისა და გამარჯვებით დაბრუნების სიმბოლური ქორეოგრაფიული გააზრებით.

ცეკვის სიუჟეტი აგებულია ერთგვარი სამხედრო რიტუალის პრინციპზე. თავდაპირველად სცენაზე ჩნდებიან მოცეკვავეები, რომელთა შემოსვლა   გამოხატავს  ბროლისათვის მზაობას და დაზვერვის ეტაპს ასახავს.  ამის შემდეგ დგება მომენტი, როდესაც მოცეკვავეები რიგებით, სიმეტრიული მოძრაობებითა და მკვეთრი ხაზებით განასახიერებენ ჯარის დისციპლინას, მობილიზებასა და ბრძოლის მზადყოფნას. თითოეული მოძრაობა ხაზგასმულია მკვეთრი პლასტიკითა და მკაცრი რიტმულობით, რაც ქმნის სამხედრო მარშის მსგავს განწყობას.

ცეკვის დინამიკაში თანდათან ჩნდება დაპირისპირების, ომის ეპიზოდის ალუზია: მკვეთრი გადასვლები, თემატური საცეკვაო ლექსიკა და  ჟესტები ასახავენ შეტაკების სიმძაფრეს. თუმცა, ამავე დროს ხორუმი არასოდეს კარგავს თავის მუსიკალურ-ესთეტიკურ ბუნებას – ის მხოლოდ სიმბოლურად გადმოსცემს ომის ატმოსფეროს, უტოვებს მაყურებელს მხატვრულ წარმოდგენას და არა რეალისტურ სცენას.

საფინალო ნაწილში ცეკვა გარდაიქმნება გამარჯვების ზეიმად: გადახვეულ ხორუმში მოძრაობები კიდევ უფრო დინამიკური და შთამბეჭდავია,  მისი ხიბლი შიშნარევ აღრთოვანებას იწვევს, რითაც იკვეთება ერთიანობისა და ძლიერების განცდა. ხორუმის მუსიკალური რიტმი აქაც განსაკუთრებულ როლს თამაშობს – იგი წარმოქმნის ზეიმის, ეროვნული ერთობისა და გმირული აღზევების ატმოსფეროს.

ხორუმი არა მხოლოდ ქორეოგრაფიული ნაწარმოებია, არამედ კულტურულ-ისტორიული სიმბოლო, რომელიც ასახავს ქართველთა ბრძოლასა და თვითმყოფადობის დაცვას, ერის დისციპლინას და კოლექტიურ სიძლიერეს. სწორედ ამიტომ, იგი დღესაც რჩება ქართულ ცეკვის ვირტუოზული პანთეონის ერთ-ერთ უმთავრეს ქმნილებად, რომელსაც თანაბარი აღტაცებით აღიქვამენ როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო სცენებზე.

 

  დამდგმელი ქორეოგრაფი -შალვა გოგუაძე;

კოსტიუმების მხატვარი-გოგლა გოგიბერიძე.

სიახლეები

ყველას ნახვა