10 სექტემბერი, 2025

თუშ-ქალთა სავედრებელი

თუშ-ქალთა სავედრებელი

თუშ-ქალთა სავედრებელი-ქალის რწმენა მთის სიძლიერეა

საქართველოში ქალი ოდითგანვე ოჯახის დედაბოძის ფუნქციას ასრულებდა. ცხოვრებას მუდმივ შრომაში, ლოცვაში, ოჯახის კეთილდღეობისათვის ზრუნვასა და მტრისაგან თავდაცვაში ატარებდა. განსაკუთრებით მძიმე იყო მთიელი ქალის ყოფა. ცხოვრების რთული წესი, მკაცრი  პირობები და ქვეყნისა სადარაჯოზე ყოფნის მზაობა ართულებდა ქალის, როგორც დედისა და მეუღლის როლს.

ცეკვაში გადმოცმულია მთიელი ქალის რწმენა, ლოცვა-ვედრება ოჯახის, შვილებისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის. მთიელების ყოფაში ქრისტიანობასთან ერთად იკვეთება წარმართული პლასტებიც. სწორედ  წარმართული „ნატვრის ხის“  და „ადგილის დედის“ ალეგორიაა გადმოცემული ცეკვის ექსპოზიციაში, რომელშიც სრულდება წარმოსახვითი შეწირვის რიტუალი.  ლოცვის შემდეგ ქალები ლაღობენ და მხიარულობენ.

ქალურ გრაციოზულობასთან ერთად ერთგვარ  ვაჟურ მოძრაობებსაც ასრულებენ, ამით აჩვენებენ საკუთარ სიძლიერეს. ქალის ვაჟურად ცეკვა მხოლოდ მაშინ იყო დასაშვები მთაში, როცა ცეკვაში ან რიტუალში მამაკაცები არ მონაწილეობდნენ.

ქალები დაწმუნებულნი არიან, რომ მათი ვედრება შესმენილი იქნება და მოკრძალებით ემშვიდობებიან სალოცავს.

ცეკვის არსია-ქალის რწმენა და სულიერი ძალა მთის ბუნებასთან და ტრადიციებთან ჰარმონიაშია.

დამდგმელი ქორეოგრაფი -შალვა გოგუაძე;

კოსტიუმების მხატვარი-გოგლა გოგიბერიძე.

 

სიახლეები

ყველას ნახვა