ბათუმის კულტურის ცენტრის კოლექტივები თურქეთის ქალაქ ქირშეჰირში
6-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ქირშეჰირში, იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის — მუსიკალური მიმართულების ფარგლებში, გაიმართა ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ვორქშოპი.
ვორქშოპის პროგრამა მოიცავდა იუნესკოს მუსიკალური ქალაქების წარმომადგენელ ანსამბლებს — როგორც ვოკალურ, ასევე ქორეოგრაფიულ კოლექტივებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მინი-კონცერტები, ქალაქ ქირშეჰირისა და მისი შემოგარენის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულება, ასევე სხვადასხვა კულტურული გაცვლითი პროგრამები, რომელთა მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნისა და ტრადიციის ახალგაზრდა მუსიკოსთა და შემოქმედთა დაახლოება.
ქალაქ ქირშეჰირში მიწვეული იყო ბათუმის კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“ და ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი.
28 ოქტომბერს ანსამბლებმა სოლო კონცერტით წარდგნენ მაყურებლისა და მსმენელის წინაშე. დასკვნით საღამოზე ქირშეჰირის მუნიციპალიტეტის მერიამ მადლიერება გამოხატა ბათუმის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივების მიმართ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის და გადასცა საპატიო ჯილდო.
ქალაქ ქირშეჰირში იმყოფებოდა ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი ირაკლი შაფათავა, რომელმაც ქალაქის მმართველობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე განიხილა თანამშრომლობის მომავალი მიმართულებები და შეთანხმდა სხვადასხვა ფესტივალებსა და კულტურულ ღონისძიებებში ერთობლივ მონაწილეობაზე
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქირშეჰირის მუნიციპალიტეტს და იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს გულთბილი მასპინძლობისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
ჩახურვა